ახალი ამბები
სოხუმი: უნივერსიტეტში სწავლა 15 მაისს განახლდება
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასაწვალო პროცესი 4 მაისის ნაცვლად, 15 მაისს განახლდება. ამის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა ალეკო გვარამიამ განაცხადა, წერს გამოცემა "აიაირა". მისივე თქმით, "ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მეზობელ ქვეყნებში, პირველ რიგში - რუსეთში". გვარამიამ ფაკულტეტების დეკანებს დაავალა სტუდენტების ინფორმირება შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტს დაწესებული შეზღუდვები 20 აპრილიდან ნაწილობრივ მოხსნა, მუშაობა ეტაპობრივად განაახლეს აგრარულმა ბაზრებმა. თუმცა 2020 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი კი, 95 წლის ქალი, 26 აპრილს გარდაიცვალა.



Print