ახალი ამბები
როდის დაასრულებენ მოსწავლეები სასწავლო წელს - მთავრობის გადაწყვეტილება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მე-12 კლასელები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენ, 1-ელ კლასელები - 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში ჩატარდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა -„ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ესაა ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და საქართველოში თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2010 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.

„ესაა ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი რეაგირება და რეაქცია განათლების კრიზისზე, ეს იყო ჩვენი განათლების ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობისთვის ბოლო წლებში განათლება არის N 1 პრიორიტეტი. განათლების სისტემის სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს და გაგრძელდეს. ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ-პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში, ესაა ჩვენი მომავალი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა იყოს დასრულებული წარმატებით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Print