ახალი ამბები
სოხუმი: კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა
აფხაზეთში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 21 მაისს გუდაუთის საავადმყოფოდან კორონავირუსისგან განოჯანმრთელებული სამი პაციენტი გაწერეს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულების ინფექციურ განყოფილებაში 17 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას.

ამავე ცნობით, Covid – 19 - ზე ტესტირება 62 ადამიანს ჩაუტარდა, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. სოხუმის საკარანტინო ზონა 28 პირმა დატოვა, ისინი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები არიან, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდგინდა, წერს "აბხაზია ინფორმი".

ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 გამოჯანმრთელებულია, ერთი პაციენტი კი 1925 წელს დაბადებული ქალი, გარდაიცვალა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები.


Print