ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანია დაინფიცირებული
მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმპტომი, მიაკითხონ ექიმებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე - ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა მესტიაში ისაუბრა. მისივე თქმით, სვანეთის რეგიონში კორონავირუსზე ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა და რამდენიმე დღეში არსებული ვითარების სრული სურათი გახდება ცნობილი.

„დღეს ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა, ერთი ჯგუფი წასულია უშგულში და ხეობის დასაწყისში. იდლიანში, ჭუბერში და ხაიშში მუშაობს კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ასე ნელ-ნელა დაიწყება ორივე მხრიდან ამ სოფლების სრულად მოცვა და რამდენიმე დღეში გვეცოდინება სრული სურათი. პარალელურად, იქ, სადაც უკვე ტესტირებები ჩატარდა და სადაც ტესტირებები ჯერ არ ჩატარებულა, პერმანენტული თერმოსკრინინგი იქნება. მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ყველამ, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმპტომი მაინც, მიაკითხონ ექიმებს, დარეკონ ცხელ ხაზზე იმიტომ, რომ ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც დაინფიცირებული“, - თქვა სუბარმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში სვანეთში ახალი კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. იგეგმება 4000 ადამიანის გამოკვლევა.
Print