ახალი ამბები
სამინისტრო: სულ აფხაზეთიდან 4 კოვიდ ინფიცირებული პირია გადმოყვანილი
ოკუპირებული აფხაზეთიდან პანდემიის გავრცელების დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 4 პაციენტი, მათ შორის ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გადმოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. ამავე ცნობით, ინფიცირებულებიდან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო სამის მკურნალობა გრძელდება.

ამავე განცხადებაში მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასა და იმ ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას,რაც ქართულმა მხარემ ოკუპირებულ რეგიონებში განახორციელა, მათ შორის, აფხაზეთს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.

„ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, სამწუხაროდ, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დადგა, ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ხელოვნური იზოლაციის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ამ გამოწვევასთან მარტო არ დატოვებს და მათი დახმარებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. ამ განცხადებას მყისიერად მოჰყვა კონკრეტული ქმედებები, რაც ძირითადად ოთხ მიმართულებას მოიცავს:

• ცნობიერების ამაღლების მიზნით, უმოკლეს ვადაში აფხაზურ და ოსურ ენებზე ითარგმნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გავრცელდა საინფორმაციო მასალა კოვიდ-ინფექციასთან გამკლავების მიზნით რეკომენდაციებისა და პრევენციული ზომების შესახებ, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მომზადებული პროტოკოლები და სახელმძღვანელოები; ასევე, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.stopcov.ge ხელმისაწვდომი გახდა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

• გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივი ექიმებისთვის რეგულარულ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინ-კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი რჩევების მიცემა ქართველი სპეციალისტების მიერ; საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მომზადდა ოკუპირებული რეგიონებიდან პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც განთავსებული ექიმები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უზომავენ სიცხეს და ჩივილების შესაბამისად გადაჰყავთ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, 22 მარტიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა, აქედან 316 სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი სხვადასხვა დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დანარჩენებს საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

"ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რათა შევინარჩუნოთ აქტიური კომუნიკაცია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ყველა შესაბამის რგოლთან, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რეგულარულად მივიღოთ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ",- აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

Print