ახალი ამბები
მესტიაში საკარანტინო რეჟიმი ნაწილობრივ მოიხსნა
ზემო სვანეთის მასშტაბით დღეიდან საკარანტინო რეჟიმი ნაწილობრივ მოიხსნა. დილიდან სოფელ ბარჯაშის ბლოკპოსტთან ატარებენ როგორც სადისტრიბუციო მანქანებს, ასევე, სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. პოლიციის მიერ მუნიციპალიტეტში შემსვლელი და გამომსვლელი ყველა მოქალაქისა და მანქანის რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეზღუდვები მოიხსნა ყველა სოფელში, გარდა ლენჯერისა და დაბა მესტიისა. დანარჩენ სოფლებში გადაადგილება შეუზღუდავი იქნება, როგორც ქვემო სვანეთის,ასევე, სამეგრელოს მიმართულებით. დაბა მესტია და სოფელი ლენჯერი კი ერთიან ჩაკეტილ სივრცედ რჩება. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, დღეს საკარანტინო ზონაში ეპიდემიოლოგთა 18 ჯგუფი იმუშავებს. 

"რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, 2000 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, არ გამოვლენილა ცხელება. დღეს ადგილზე 18 ეპიდემიოლოგთა ჯგუფი იმუშავებს, ასევე, მეორადი ტესტირება იწყება მათთვის, ვისაც 12 დღიანი საკარანტინო ვადა ამოეწურათ, სულ 500 ადამიანის ტესტირება იგეგმება დღეს",- აღნიშნა ვიბლიანმა. 

მისივე ცნობით, მესტიაში არსებულ საკარანტინო სივრცეებს მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ დატოვებენ. 

მესტიაში შეზღუდვები 10 აგვისტოს მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსი 17 პირს ერთდროულად დაუდგინდა.


Print