ახალი ამბები
მესტიაში სასტუმროების მფლობელებმა დაბაში შესასვლელი გზა ისევ გადაკეტეს
მესტიის შესასვლელთან საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა საავტომობილო გზა ისევ გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სესხების გადავადებას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიისა და ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო სესხები პროცენტების დარიცხვის გარეშე უნდა გადავადდეს.

"მესტიის მოსახლეობა ითხოვს, იმას რასაც ყველა, რომელიც იმყოფება ბანკების ტყვეობაში. გვინდა სესხების გადავადება არა ისე, როგორც ჩვევიათ, არამედ ისე როგორც საჭიროა. მოსახლეობა არ ამბობს მუშაობაზე უარს და არც სესხის გადახდაზე. სურვილი დიდი იყო მუშაობის, მაგრამ სწორედ ტურისტული პიკის დროს გაჩერდა ყველაფერი და მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი. საშინელება მოყვება თუ ბანკი მოვა და ხალხს სახლებიდან გაყრის", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნარგიზ ნიგურიანმა.

მესტიის მერიაში ამბობენ, რომ იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა და ამ თემაზე საუბრის დაწყება.

ინფორმაციისთვის, მესტიაში მსგავსი აქცია გუშინაც გაიმართა. რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო დაბის შესასვლელი.

Print