ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 49 ახალი შემთხვევა 
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა 192 პირს ჩაუტარდა და მათგან 49-ს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი, 1947 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით მოათავსეს. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 64 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვალებამდე 40 წუთით ადრე გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 117 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1765 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 640, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

Print