ახალი ამბები
რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში მყოფი პაციენტებიდან, 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
რუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან, 20-ს მდგომარეობა საყურადღებოა, 2-ის მდგომარეობა კი შედარებით მძიმე. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა. მისივე განმარტებით, საყურადღებოა იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ და ასაკოვნები არიან.

„შედარებით მძიმე მდგომარეობაში გვყავს 2  პაციენტი,  მათ პნევმონია აქვთ. სხვა პაციენტებსაც აქვთ პნევმონია, თუმცა ამ 2-ის შემთხვევაში ფილტვების დაზიანების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პაციენტების “, - აღნიშნა აკობიამ.

ამ დროისთვის რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდდადასტურებული პაციენტი. აქ ბოლო 24 საათის განმავლობაში  13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


Print