ახალი ამბები
მთავრობა მსჯელობს წერტილოვან შეზღუდვებზე, ეს შეიძლება იყოს ღამის საათებში გადაადგილება - ცქიტიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახება.

"საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში, როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ისე დიდი სავაჭრო ცენტრების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ყველა ეს არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით", – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და წესების დაცვით იმოქმედონ.

Print