ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 47 ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი
აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი, 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 74 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 27 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს,, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 9, ტყვარჩელში - 6, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 23, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 23 პაციენტი იმყოფება.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყბიდან ამ დრომდე, აფხაზეთში კორონავირუსის 12 106 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 11 765 და გარდაცვლილია 193 ადამიანი.

15 თებერვლიდამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლების დაწყებით კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი განახლდა, ასევე მუშაობა განაახლე კულტურის დაწესებულებებმა. 

კაფე - ბარები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები, სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში, შეძლებენ, სანიტარული ნორმების დაცვით.

კორონავირუსის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 თებერვალს მოაწერა ხელი. პანდემიის გამო, სოხუმმა დამატებითი შეზღუდვები 15 ოქტომბერს დააწესა და მას შემდეგ რამდენჯერმე გაახანგრძლივა.

Print