ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 545 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 181 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 4 და 5 ივლისს, 72, 73 და 82 წლის ქალები გარდაიცვალნენ.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 107 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 33 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 15 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გაგრის კლინიკაში - 35, ხოლო ტყვარჩელში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 17 999 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 573, გარდაიცვალა 254 პირი.

ინფორმაციისთვის, სოხუმმა ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვებს 2021 წლის 5 ივლისიდან შეზღუდვები დააწესა, რომელთა თანახმად, დახურულ სივრცეში იკრძალება ქორწილების, საზეიმო , სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება.

Print