ახალი ამბები
ღარიბაშვილი: სცადეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად
რა თქმა უნდა ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ. ასე შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 5-6 ივლისისი მოვლენები. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერც ვერასდროს შედგება.

„ვნახეთ, რომ სცადეს ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული. მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება იგეგმებოდა, რა დროსაც საპოლიციო ძალების გამოყენება უნდა მომხდარიყო.

„კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას - ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

„კითხვები დაისვა, რა შეხება ჰქონდა ლგბტ თემს და მათ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად და სრულად იმართება საააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით“, - ამბობს ის.

ღარიბაშვილი გარანტიას იძლევა, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი.

Print