ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 385 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე - ღამეში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 3 გუდაუთის საავადმყოფოში, 1 კი სოხუმის ინფექციურში.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 183 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 61 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან 17 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 25, გაგრის კლინიკაში - 51, ხოლო ტყვარჩელში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Сovid-19 სულ 21 061 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 289, გამოჯანმრთელდა 16763 მოქალაქე.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეაჩერა. 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.

Print