ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 495 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო ორ დღეში გუდაუთის კლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა, 57 წლის მამაკაცი და სამი ქალი 57, 68 და 80 წლის, ხოლო სოხუმის ინფექციურში ერთი პაციენტი, 60 წლამდე ქალი.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 26 ივლისს მიიღო დადგენილება, რომელიც ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებას და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს - მათ შორის, პირბადეების გამოყენების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების და ქორწილების აკრძალვას არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც, სავაჭრო და კვების ობიექტებზე კონტროლის გაძლიერებას, კულტურის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის შეჩერებას და სხვა. სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მოითხოვდა, რომ სავალდებულო გამხდარიყო "საზღვრის" გადაკვეთისას უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის PCR ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა, უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

აფხაზი დეპუტატარების ნაწილმა კიდევ ერთი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმად ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ვაქცინებით, მედიკამენტებით და მედიკოსებით დახმარებას სთხოვდნენ რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს, თუმცა, პროექტი ვერ მიიღეს, რადგან როგორც დეპუტატთა მეორე ნაწილი აცხადებდა, დადგენილებაში ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტა არა რუსეთის პარლამენტის, არამედ მთავრობის კომპეტენციაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 21 417 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 299, გამოჯანმრთელდა 17235 მოქალაქე.


Print