ახალი ამბები
სოხუმი: დღეიდან აფხაზეთში ვაქცინაციის პროცესი განახლდება
აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში დღეიდან ვაქცინაციის პროცესი განახლდება. მოქალაქეები რუსული წარმოების კოვიდ საწინააღმდეგო პრეპარატ "სპუტნიკ ლაითით" აიცრებიან. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, "სპუტნიკ ლაითის" 5 ათასი დოზა მათ 6 აგვისტოს მიიღეს მოსკოვიდან.

ამავე ინფორმაციით, "სპუტნიკ ლაითი" რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მეოთხე ვაქცინაა, რომელიც Covid 19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ არის შემუშავებული და "სპუტნიკ V– ის" კომპონენტურ ვერსიას წარმოადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 522 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, 62, 69 და 71 წლის მამაკაცები და 68 წლის ქალი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 23 094 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 330, გამოჯანმრთელდა 18 265 მოქალაქე.



Print