რეგიონი
მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აზრი ორად გაიყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სვანეთში ჰესების "მესტია ჭალა -1" და მესტია ჭალა-2"-ის მშენებლობა განახლდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება. მათი მტკიცებით, ისინი აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. სამოქალაქო მოძრაობის წევრები, რომლებიც რამდენიმე თვეა, მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

ერთ-ერთმა აქტივისტმა დათო გულბანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მოლაპარაკებაში, რომელსაც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრები დაესწრნენ, მონაწილეობა არ მიუღიათ და მშენებლობის განახლებას ადგილობრივების მხოლოდ ეს ნაწილი დათანხმდა.

მისთვის გაუგებარია, რატომ შედგა ეს შეხვედრა და რა კავშირი აქვს სვანეთში ჰესების მშენებლობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავე აზრზეა მაია კახიანიც. მესტიის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა, შეცდომაში განზრახ შეიყვანეს.

„საკუთარი პოზიცია დააფიქსირა რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა. ჩვენ არ ვიცოდით ამ შეხვედრის შესახებ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას“, - თქვა კახიანმა.

ისინი დამატებით დეტალებზე თბილისში დაგეგმილ ბრიფიგნზე ისაუბრებენ.



თავის მხრივ, „სვანეთის ახალგაზრული მოძრაობის“ წარმომადგენელი ნათია ქურდიანი ამბობს, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად მხოლოდ ამ ორი ჰესის მშენებლობის განახლებას დათანხმდა. მისივე ცნობით, შეთანხმების მიხედვით, სხვა ჰესები სვანეთში არ აშენდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი იყო.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ არცერთი პროექტი და ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და ხალხის თანხმობის გარეშე არ აშენდება. კონკრეტულად, მესტიაჭალა ჰესის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით ჩართული იქნებიან ხალხის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები, რომელთა არგუმენტირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული. მესამე: მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს გარკვეული ოდენობის თანხა. ჩვენ მოვითხოვეთ, შეიქმნას ზემო სვანეთის განვითარების ფონდი, სადაც კომპანია დამატებით ყოველწლიურად შეიტანს სოლიდურ თანხას, რომლის მიზნობრიობასა თავად განკარგავს ადგილობრივი მოსახლეობა. სამწუხაროა, როდესაც პიროვნებები ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ ამ შეხვედრის შესახებ. გაუგებარია რა მიზანს ემსახურება მათი ქმედება. ეს ნაბიჯი იყო ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ ჩვენი აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მესტიაში, სადაც ჰესების ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა, შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე რამდენჯერმე ჩავიდა და აქციის მონაწილეებს ეკონომიკის სამინისტროსთან შაუმდგომლობას დაჰპირდა.



შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა შსს-ს პირველ მოადგილეს კახა საბანაძეს, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებსა და სვანეთის მოსახლეობის ნაწილთან ორი დღის წინ შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღეს "მესტია ჭალა -1"-ისა და "მესტია ჭალა -2"-ის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება.

ამავე თემაზე:

შსს-ში გამართულ შეხვედრაზე „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ -ის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს


Print