რეგიონი
ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" სოციალურ კამპანიაში ერთვებიან, რომლის ფარგლებშიც დღეს მათ სურსათ-სანოვაგე საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაარიგეს, მათ შორის ზუგდიდში, გორში, თელავსა და ქუთაისში. 

ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული კამპანიისთვის თანხა მამუკა ხაზარაძის ოჯახმა გადარიცხა.

„მოძრაობა მომავლისთვის“ ცდილობს, მცირედით მაინც შეუმსუბუქოს დღევანდელი რეალობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას დაზარალებულ ადამიანებს - მათ, ვინც დარჩა უსამსახუროდ, მათ, ვისაც შემოსავალი არ აქვს და მათ, ვისაც უბრალოდ სჭირდება დახმარება. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროექტის ორგანიზატორი არ გახლავთ, თუმცა მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს ისე, როგორც შეგვიძლია", - ნათქვამია "ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, პროდუქცია ხვალ ბათუმსა და ოზურგეთშიც დარიგდება. ჯამში კი კამპანიის ფარგლებში სულ 1600 ბენეფიციარს დაეხმარებიან.
Print