რეგიონი
ფოთის საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით აფხაზეთიდან ქალი შეიყვანეს
ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან მაღალი ტემპერატურით და კორონავირუსის ნიშნებით ქალი შეიყვანეს. კლინიკაში ასევე მოთავსებულია ბანკის თანამშრომელი, რომელსაც ყელის ტკვილი და ტემპერატურა აღენიშნება.

,,ე.წ. ცხელების ცენტრში არის შესული ორი საყურადღებო პაციენტი, მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვფიქრობთ არაფერს ცუდს, მარტივი სიმპტომატიკა აღენიშნებათ. ერთი არის 50 წლის ქალი გალის საავადმყოფოდან გადმოყვანილი, რომელსაც 38 გრადუსამდე აქვს ტემპერატურა. მეორე ფოთელია, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, 33 წლის ქალი. მას აღენიშნება ყელის ტკვილი და სუბფებრილური ტემპერატურა. რედგენოლოგიურად არ არის დამაფიქრებელი და საეჭვო სურათი. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, ხვალ შევაფასებთ მდგომარეობას, ვნახავთ თუ იქნა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნი. მოგვიანებით მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

ექიმების შეფასებით, ორივე პაციენტი საყურადღებოა.

დღეს აფხაზეთში, გაგრაში, კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საავადმყოფოშია მოთავსებული. ის აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც მივლინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
Print