რეგიონი
კორონავირუსით პირის გარდაცვალების გამო ოჩამჩირეში სოფელი ჩაიკეტა
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში კორონავირუსის დიაგნოზით 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოს დაავადების მიმდინარეობის მეთოთხმეტე დღეს მიმართა. პაციენტი, რომელსაც ორი კვირა მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, სახლში მკურნალობდა. ამავე ცნობით, მან ექიმებს მხოლოდ 23 აგვისტოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ოჩამჩირის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მადონა ქიშმარია ამბობს, რომ მამაკაცს PCR ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდგინდა.

გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ლაბრაში მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა. სწორედ ამიტომ, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სოფელში 14 დღიანი კარანტინი გამოცხადდა.

სულ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა.



Print