რეგიონი
,,დაინახე ყველაფერი’’ - ნიკო დადიანის სასახლეში გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენა გაიხსნა
ზუგდიდში, ნიკო დადიანის სასახლეში გიგი სიჭინავას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,დაინახე ყველაფერი“ გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ახალგაზრდა ხელოვანის 80 - ზე მეტი, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული,  ნახატი.

გიგიმ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი, რომელიც თავისი ავტოგრაფით საჩუქრად სასახლეს გადასცა.

მხატვარის დედა ნათია სახოკიას ამბობს, რომ აქ წარმოდგენილია გიგის ბოლო ოთხი - ხუთი წლის ნამუშევრები. მისი თქმით, ეს არის 13 წლის ბრძოლის და შრომის შედეგი.

,,აქ არის ოთხი - ხუთი წლის ნამუშევრები, 83 ექსპონანტი, გიგის სხვა ნამუშევრები ინახება მის სახელოსნოში, გიგი აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და ბევრი სიახლე ექნება გზადაგზა. გიგის აქვს აუტიზმის მდგომარეობა, რაც ნამდვილად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოტივატორი სხვა მშობლებისთვის. დავამატებ, რომ ეს არის 12-13 წლის ბრძოლის, შრომის შედეგი. გიგის აქვს განსაკუთრებული უნარი, შრომისოყვარეობის ნიჭი, სწორედ ამან განაპირობა დღევანდელი დღე’’, - გვითხრა ნათიამ.

გიგი სიჭინავა ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება და თავისი შემოქმედებით ეხმიანება. მან კორონავირუსის თემაზე ცნობილი ქართველი ეპიდემიოლოგები დახატა, უკრაინელი ქალის პორტრეტი კი ცოტა ხნის წინ შექმნა.

გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდაა, მას დღემდე 100 - ზე მეტი ფერწერული ტილო, 200 - მდე ილუსტრირებული ბარათი, ასევე, შექმნილი აქვს სხვადასხვა მასალისგან დამზადებული და გამოძერწილი ინოვაციური მანქანები. ახალგზარდა შემოქმედი სამი წელი თიბისი ბანკის სტიპენდიანტი იყო, 2018 წელს კი დოკუმენტურ ფილმშიც გადაიღეს.

გიგის ნამუშევრები საზოგადოების დიდმა ნაწილმა 2017 წელს მისი სახლოსნოს გახსნის დღეს გაიცნო. მხატვარს თბილისსა და ზუგდიდში უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა.

10 აპრილის ჩათვლით, ნიკოსეულ სასახლეში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გიგის ნახატები დილის 11 საათიდან საღამოს 17 საათამდე დაათვალიერონ.


Print