საზოგადოება
დავით ქირია ბრძოლას 14 მარტს მადრიდში გამართავს
კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ზუგდიდელი დავით ქირია მორიგ ბრძოლას მადრიდში K1-ის ეგიდით გამართავს. მისი მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე  გამოცდილი სპორტსმენი ნეინაშ ნენეა, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ბრძოლა აქვს მოგებული.

‘’გავიარე ექვსკვირიანი მზადება ჩემს მწვრთნელთან ბაჩუკი ფარცვანიასთან ერთად, მაქსიმალურად მოვემზადეთ, ჩვენ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის, ველოდებით დადებით შედეგს. მე მზად ვარ და ზუსტად ვიცი რომ დავამარცხებ ჩემს ოპონენტს, ჩემი გულშემატკივრები ჩემგან მაქსიმუმს უნდა ელოდონ, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, ყველაფერს გავაკეთებ რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა'' - უთხრა რადიო "ათინათს" ქირიამ. მისივე თქმით ის ესპანეთში ხვალ გაემგზავრება.

დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი სამჯერ გახდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან პირველად 2014 წელს, ხორვატიაში გამართულ ჩემპიონატზე K1-Glory ვერსიაში, მსუბუქ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მეორედ 2017 წელს, პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მესამედ კი ჩინეთის ქალაქ შანხაიში, Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში მაროკოელი მარუან ტუტოჰი ხუთ რაუნდში დაამარცხა.


Print