უშბას მწვერვალზე ორი რუსი ტურისტი დაიკარგა
16:47 / 10.09.2013
საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი, ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი დაიკარგა. ამის შესახებ donnews იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, როსტოველი ტურისტები უშბას მწვერვალის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ, 6 სექტემბერს კი უკან დაბრუნებას გეგმავდნენ.
როსტოვის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 5 დღის წინ ანდრეი სიდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 8 სექტემბერს სამშობლოში ბრუნდებოდა. თუმცა, უკვე მეოთხე დღეა რუსი ტურისტები უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული.
როსტოვის სამძებრო-სამაშველო კომპანია "ლიზა ალერტის" ინფორმაციით, როსტოველი ტურისტების სამაშველო ოპერაციაში ქართული მხარეც არის ჩართული. მათივე განცხადებით, ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ვიკა ბუშაევასა და ანდრეი სიდოროვზე, შეუძლიათ დარეკონ შემდეგ უფასო ნომერზე: 8 800 700 54 52.

მასალის გამოყენების პირობები