პოლიტიკა
ზურაბიშვილი: მე ვიქნები მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის
დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევის შემთხვევაში ის გამაერთიანებელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი. მე თქვენთან ერთად ვიქნები ელჩი, რათა გარეთ გავიტანო ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება გვერდში დგომა. მე ასევე ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა.  მე გთავაზობთ, რომ ვიქნები გამაერთიანებელი პრეზიდენტი და მე ვიქნები არა მხოლოდ თქვენი, არამედ იმ ქალის პრეზიდენტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბარს მიშლიდა და გავიდა ახლა (მაი კალანდია.ავტ)", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის კანაფის დედოფალი და ბოლო დროს მის მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება.

"ბოლო რამდენიმე კვირაში, რაც დავიწყე საარჩევნო კამპანია ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები. ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ამერიკის არჩევნებში რუსეთმა ეს გამოიყენა, როგორც ყველამ ვიცით. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან დამაპირისპირონ ცრუ ცნობებით. ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი", - თქვა ზურაბიშვილმა.

მან თავის გამოსვლაში რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

"ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც ფიქრობენ, როგორც მე, ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, რომ რუსეთი არის მუდმივი აგრესორი ამ ქვეყნის. იყო და არის, 2008 წელს კი როგორც არასოდეს. ოკუპანტი არის, ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

სალომე ზურაბიშვილი გამსახურდიაზე: ის ყოველთვის იქნება ჩემთვის პატივსაცემი
Print