პოლიტიკა
დასრულდეს ბანდიტური მმართველობა - ზუგდიდში აქცია დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და მოქალაქეების საპროტესტი აქცია დასრულდა. შეკრებილებმა  „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია გააპროტესტეს. მათი თქმით, ჩანაწერებმა ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში იყო, პასუხი გასცა.

„უნდა დასრულდეს ივანიშვილის მმართველობა, რომელიც არის ძალადობის, მაფიოზური მმართველობის ვერტიკალი. ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. ყველამ დავინახეთ, რომ ივანიშვილი მართავს მაფიოზური მეთოდებით, როგორც ჩვეულებრივი ბანდიტი და უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას... ჩვენ ვართ დანაშაულებრივ მმართველობაში“, - აღნიშნა ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ.

აქციაზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ კიდევ ერთ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა იმყოფებოდა. მისი შეფასებით, დღის წესრიგში დგას „ქართული ოცნების“ სამართლებრივი დელეგიტიმაციის საკითხი. ქარდავამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა.

alt

„28 ოქტომბერს ხალხი უნდა მოვიდეს, დააფიქსიროს პროტესტი და ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რითაც აღადგენს პრეზიდენტის ინსტიტუტს და შემდეგ შეგვეძლება, რომ დავნიშნით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები... ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს, უნდა დაუბრუნდეს მათ“, - თქვა ქარდავამ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით, მათ შორის, „ბიძინა ბარიგა“, „სალომე პუტინის პროექტი“, „სალომე კანაფის დედოფალი“.

„მეგონა, ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ქვეყანა წავიდა ყველანაირად უკან... კადრებით მოსული ხელისუფლება ისევ კადრებით უნდა წავიდეს“, - თქვა სტუდენტმა ოთარ შენგელიამ.

alt

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ ის გაურიგდა ხელისუფლებას და ჩაჯდა ციხეში, თუმცა მათი გარკვეული ქმედებებით უკმაყოფილოა.

აქვე ისმის რამდენიმე გახმაურებული საქმე. სუბელიანი ხაზს უსვამს, რომ საქმეეთნა დაკავშირებული ინფორმაცია ჩაწერილი და დაარქივებულია.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს
Print