პოლიტიკა
გალის რაიონში ბინადრობის მოწმობის გაცემა შეაჩერეს
აფხაზურმა მხარემ ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა დროებით შეაჩერა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამის მიზეზად დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საბეჭდი მანქანის საღებავის ამოწურვას ასახელებენ, წერს DFWatch.

“საბეჭდი მანქანის საღებავი ამოიწურა და ძვირი ჯდება შეძენაო, ასე განგვიცხადეს გალში. შვილისთვის უნდა ამეღო, ამიტომ დედასაც ჩააბარებინეს საბუთები, სავალდებულოაო. მეუღლეს უარი უთხრეს, რადგან უკრაინელია, ამიტომ მერე მე მომიწია ჩაბარება. შესაბამისად, ხარჯიც გაიზარდა. ახლა საერთოდ უარი თქვეს გაცემაზე. “საზღვრის” გადაკვეთის საჭიროების შემთხვევაში ისევ ე.წ. ფორმა 9 უნდა ავიღოთ დროებით, რაც 2 000 რუსული რუბლი (83 ლარი) ჯდება,” – ამბობს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი კ.ლ.

გალელები ვარაუდობენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ფულის შოვნის კიდევ ერთი საშუალება.

“როგორ შეიძლება სახელმწიფოებრიობაზე გქონდეს ამბიცია და მსგავსი მიზეზით საბუთი არ გასცე. მორიგი ხრიკი მოიგონეს ფულის შოვნისთვის, ხალხი კი რა თქმა უნდა, იძულებულია ყველაფერს დათანხმდეს,” – ამბობს 30 წლის გ.ს.

ბინადრობის უფლების მიღება გალის მცხოვრებლებს 500 ლარამდე უჯდებათ.

აფხაზურმა მხარემ უკვე გააუქმა ე.წ. წითელი პასპორტები. პასპორტიზაციის პროცესი სოხუმმა 2016 წლის მაისში დაიწყო. ძველი ნიმუშის პასპორტების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერში იწურება. 

Print