ახალი ამბები
სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდებათ
იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ნამატი დაუსუბსიდირდება მიზნობრივ ჯგუფებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა დღეს განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობამ უარი თქვა ელექტროენერგიის დასუბსიდირების იმ ფორმაზე, რომელიც იყო მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან შეუძლებელი იყო ამ გზით სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა, რადგან "ერთნაირად უსუბსიდირდებოდათ სხვადასხვა კომუნალური როგორც შეძლებულ ადამიანებს, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს. 

"იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვისაც აქვს 150 ათასი და ნაკლები ქულა და ასეთი არის, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარიფის გაძვირება, რომელიც მოხდა 2020 წლის დეკემბერში, დაუსუბსიდირდებათ სრულად პირველი 200 კილოვატ/საათის ფარგლებში ანუ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს მოიხმარს, მაგრამ როგორც წესი, ეს ადამიანები, დაახლოებით, 200 კილოვატს მოიხმარენ თვეში, ასეთია სტატისტიკა. მეტიც რომ მოიხმაროს, პირველი 200 კილოვატის ფარგლებში მათ დაუსუბსიდირდებათ ტარიფის ნამატი", - განაცხადა თურნავამ.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან სემეკ-მა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი დაასუბსიდირა.


Print