აქტუალური თემები
აჭარის TV-ს ჟურნალისტებს სოლიდარობა ონლაინ მედიამაც გამოუცხადა
ტელემაუწყებლების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ სოლიდარობის კამპანიაში, ამჯერად, ონლაინ გამოცემები  და მათ შორის რადიო ,,ათინათიც'' ჩაერთო. დღეს, 10:00 საათიდან, ის მედიასაშუალებები, რომელთაც სოლიდარობის კამპანიაში ჩართვის სურვილი აქვთ, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე ე.წ. ქავერის ფოტოს აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერი ფოტოთი შეცვლიან.

სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". ამ ინიციატივის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 20-მდე მაუწყებელმა 1 წუთის განმავლობაში მაუწყებლობა შეაჩერა და კადრში დატოვა წარწერა - "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".

კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის" ონლაინ გამოცემებს გაუგზავნა ქავერის ფოტო და ქარდი, რომელთა გამოყენება, სურვილის შემთხვევაში, გამოცემებს ამ აქციაში მონაწილოებისთვის შეუძლიათ. ქავერის ფოტოზე სოლიდარობის გზავნილია, ქარდზე კი მაუწყებლის დირექტორის მიერ ტელევიზიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეა ინფორმაცია.
Print