ახალი ამბები
სოხუმი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორკვირიან კარანტინს აწესებს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ორი კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად 25 მარტიდან 7 აპრილამდე იკრძალება მასობრივი, მათ შორის საზეიმო ღონისძიებების, ქორწილების, ექსკურსიების ჩატარება, დროებით დაიხურება სპორტული და ფიტნეს დარბაზები, სალონები.

აფხაზეთში შესვლა ეკრძალება "უცხოეთის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ექსკურსიის ჩატარების ან ტურისტული მიზნით აპირებენ რესპუბლიკაში შესვლას".

ასევე, ამ პერიოდში შეჩერდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოქმედება, საზოგადოებრივი (შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა), ტაქსის გარდა.

ამავე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაევალა "აფხაზურ - რუსულ" საზღვართან განთავსებულ საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან 24 - საათიანი მორიგეობის დაწესება.

"ჯანდაცვის სამინისტროს" დაევალა მოსახლეობას მიაწოდოს სრული ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის შესახებ. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, იგეგმება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ასევე სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დაწესება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებსა, და ლაბორატორიებზე.

საჯარო სამსახურებს, საწარმოებს და ორგანიზაციებს მიეცემათ რეკომენდაცია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ.

გარდა ამისა, 7 აპრილამდე გაგრძელდება არდადეგები სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

სავაჭრო ორგანიზაციებს "მთავრობა" მოუწოდებს არ დაუშვან ფასების ზრდა კვების და საბავშვო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობაზე, სადეზინფექციო და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე. "ფინანსთა სამინისტროს" დაევალა მოიძიოს თანხები რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ღონისძიებების გასატარებლად.

22 მარტის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  თუმცა, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახური ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, რადგან, მისი თქმით,  22 მარტს გამართულ "საპრეზიდენტო" არჩევნებზე ვერ უზრუნველყვეს კორონავირუსის პრევენციის ზომების გატარება, წერს ადგილობრივი მედია.

Print