ახალი ამბები
გაეროს განვითარების პროგრამამ სოხუმში 40 000 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა
გაეროს განვითარების პროგრამამ სოხუმში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი, მესამე პარტია ჩაიტანა. ამჯერად, ეს არის 4 300 რესპირატორული ნიღაბი KN95, 1 000 ცალი პირადი დაცვის აღჭურვილობა და სათვალე, 11 000 წყვილი ნიტრილის ხელთათმანი, 110 დამცავი ფარი, 1 300 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე და დეზინფექტორები, რომლებსაც სამედიცინო მიზნებით იყენებენ, გარდა ამისა, 188 ლიტრი თხევადი საპონი.  ჰუმანიტარული ტვირთის საერთო ღირებულება 40 000 ევროს შეადგენს და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, წერს "აფსნიპრესი".

ამავე ცნობით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთისთვის გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებამ 100 000 აშშ დოლარი შეადგინა.  საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის ლუიზა ვინტონის განცხადებით, აფხაზეთში ჯერჯერობით COVID -19 - ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა მისივე თქმით, დაავადების გავრცელების მასშტაბები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

"ჩვენ მადლობას ვუხდით ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რაც ეპიდემიის აფეთქების შეჩერებისთვის არის აუცილებელი", - აღნიშნა მან ჰუმანიტარული აქციის კომენტირებისას.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 30 მარტს კი გალის რაიონში ამოქმედდა კომენდანტის საათი, მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.


Print