რეგიონი
ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ცვლილებებია
ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ცვლილებები განხორციელდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. 

„თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. შემოთავაზება მივიღე ლიეტუვადან და იქ ვარ, ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე“, -  უთხრა რადიო "ათინათს" წერედიანმა.

პოსტიდან წასვლამდე კი მან მთავარ რეჟისორად გეგა ქურციკიძე დანიშნა. შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრს ახალი მთავარი რეჟისორი, დაახლოებით, ორი თვეა, ჰყავს.

ის ამ თეატრში 2015 წლიდან მოღვაწეობს და სპექტაკლებს დგამს.

მანამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც ქურციკიძემ გვითხრა, თეატრს მთავარი რეჟისორი არ ჰყოლია.

რაც შეეხება სამხატვრო ხელმძღვანელს, მას შემდეგ, რაც მინისტრი პოსტის დატოვების შესახებ წერედიანის განცხადებას ხელს მოაწერს, სამინისტრო აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს გამოაცხადებს.

Print