რეგიონი
მამუკა ხაზარაძეს შერიგების დღის დანიშვნა და ენგურის ხიდზე მონუმენტის დადგმა სურს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი  სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავს ეხმიანება და აფხაზებისა და ქართველების შერიგების დღის დანიშვნის იდეით გამოდის. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. ხაზარაძეს სურს, რომ ენგურის ხიდზე სიმბოლური მონუმენტი დაიდგას.


26 წელი გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ. 26 წელი გავიდა და ჩვენ ისევ ვერ მოვიშუშეთ ტკივილი, რომელიც აფხაზებისა და ქართველების სისხლისღვრას მოყვა, ომი, რომელიც რუსეთის იმპერიამ და მისმა აგენტურამ მოგვახვია თავს. ჩვენ დაგვსაჯეს თვითგამორკვევისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. დადგა დრო. 26 წლის შემდეგ მაინც ვუთხრათ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ ეს თავსმოხვეული ომი იყო, უდიდესი შეცდომა, რომ დღეს ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, რომ ამ ომში დაღუპული ქართველი და აფხაზიც ერთნაირად გვტკივა, რომ აფხაზის საფლავს, ისევე დავიტირებთ, როგორც ქართველის. მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს - კაცსა და ქალს, ვინც საკუთარი ოჯახისთვის, იდეისთვის, ღირსებისთვის იბრძოლა და დაიღუპა. ჩვენ დღეს ერთნი უნდა გავხდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს მთავარი სათქმელი. სიტყვა, რომელიც ჩემმა აფხაზმა მეგობარმა მასწავლა: ჰაიგამზა - ჩვენ განუყოფელნი ვართ!

გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ მოვინანიებთ , მივუტევებთ ერთმანეთს და ენგურის ხიდთან აღვმართავთ სადა, მაგრამ სიმბოლურ მონუმენტს, იმის ნიშნად, რომ მალე ეს კედელიც დაინგრევა, რომ ეს რუსული ბლოკ პოსტიც აღარ იარსებებს ჩვენს შორის და რომ ერთობა, მეგობრობა, სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს!“, - წერს ხაზარაძე.

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.
Print