საზოგადოება
1 იანვრიდან თამბაქოსა და ალკოჰოლის ფასი გაიზრდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი მთავრობაში განიხილეს. კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია. ამავე კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია: - ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; - უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; - სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე - 0.4 ლარით; - ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე. ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება - 10 ლარამდე. "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.
Print