საზოგადოება
ირაკლი გოგოხია: "მძღოლების პრობლემა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს"
ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტი მძღოლების დღევანდელ აქციაზე ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია მივიდა, რომელიც მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

მძღოლებმა მერს დახმარება სთხოვეს, თუმცა გოგოხიას განცხადებით, კომპანია "მეტროსა" და შპს "ავტოსადგურს" შორის დადებული ხელშეკრულება მას ხელ-ფეხს უკრავს და სიტუაცია მის კომპეტენციას სცდება, ამიტომ მძღოლებმა სასამართლოს უნდა მიმართონ.

"ეს არ არის ახალი პრობლემა, რამდენიმე თვეა, გრძელდება ამაზე დავა. თავის დროზე, როცა ეს კომპანია ცდილობდა აეშენებინა ავტოსადგური, ჩვენ ნებართვა არ გავეცით, რადგან რეკრეაციული ზონა იყო და მათი შემოსვლის პროცესი გადაიდო, თუმცა ახლა გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ხელ-ფეხს მიკრავს და ამ ადამიანებს ვერ ვეხმარები. მე მესმის მათი პრობლემის, ოჯახებით არიან ქუჩაში გამოსული, ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ, თუმცა ამ შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებს უნდა მიმართონ და თუ მათი მოთხოვნაა ამ კომპანიის საქმიანობის შეჩერება, ეს სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ზუგდიდის მერმა.
Print