განცხადებას რადიო"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობამ რეალურ პრიორიტეტად გამოაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ყველა პროექტი, დარგის მაქსიმალურად მცირე დროში განვითრებისკენაა მიმართული.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამინისტრომ არაერთი უპრეცედენტო პროექტი განახორციელა. 2013 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 710 000-მა ბენეფიციარმა პირდაპირი სახელმწიფო დახმარება მიიღო. 2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დახმარება მიიღო 26 105 ბენეფიციარმა, მოიხნა და დაიდისკა 8558 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, (შედარებისათვის 2012 წელს 5871 ჰა). 8503 ჰა-ზე დაითესა მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები. მოსახლეობამ შეძლო სასუქის, შხამ-ქიმიკატების, სათესლე მასალისა და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო ინვენტარის შეძენა. ყოველივე ამან განაპირობა მოსავლის 2.5-ჯერ და მეტჯერ გაზრდა.
წელს, მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 800 000-მდე ბენეფიციარი. 2014 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლების საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ დახმარებას უკვე 28 000 ბენეფიციარი მიიღებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით, გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ განხორციელება 2013 წლის 27 მარტიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. 2014 წლის 13 მარტის მონაცემებით გაცემულია 287,802,979 ლარის კრედიტი. 1-ლი კომპონენტის ფარგლებში 2,685 ბენეფიციარზე გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება. მე-2 კომპონენტში 8,072 ბენეფიციარი დაფინანსდა 150,409,669 ლარის კრედიტი, მე-3 კომპონენტში 430 ბენეფიციარზე გაიცა.49,838,723 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. მე-5 კომპონენტის ფარგლებში 48 ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო დაფინანსდა, აქედან 6 საწარმოზე 4,831,363.16 სესხი გაიცა დოლარში, დანარჩენი 42 საწარმო კი 41,164,644 ლარით დაფინანსდა. მე-6 კომპონენტის ფარგლებში ჯამში 450,000 ლარის მოცულობის კრედიტით ორმა მანდარინის შემსყიდველმა საწარმომ ისარგებლა.
პროექტის ფარგლებში მე-3 კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული 430 საწარმოდან, 63 ახალი საწარმოა, ხოლო დანარჩენის გადაიარაღება, გაფართოვება და წარმოების გაზრდის ხელშეწყობა განხორციელდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომელიც დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე რაიონებში ახალი საწარმოების შექმნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს ბენეფიციართა რეგისტრაცია და განაცხადების წარმოდგენა. დღეისათვის რეგისტრაცია გაიარა 100 ზემეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა, მათგან განაცხადი წარმოადგინა 30-მა, მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადების განხილვა.
სამინისტროს მიერ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა და განვითარებაა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია აგრარული პოლიტის ერთერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც დიდ პრობლემას ქმნის პატარა ფრაგმენტებად დაშლილი მიწის ფართობები. ეს ართულებს და აძვირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას, ასევე თითქმის შეუძლებელს ხდის ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას.სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს აგრო კოოპერაციამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა ახალი უწყება, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით კოოპერაციის პროცესის წახალისებისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებსა და ხელშემწყობ ღონისძიებებს განახორციელებს.
გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სხვა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სწორედ რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის, მასმედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესებზე და გასცეს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები