
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე დევნის ოპერაციის დროს დაღუპულთა ვინაობა ცნობილი გახდა.
შსს - ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან შსს-ს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. სამხედრო ექიმის, ვლადიმერ ხვედელიძის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კაპრალი ხვედელიძე სპეციალური ოპერაციების ძალებში ექიმად მსახურობდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
ამ დროისათვის, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დაღესტნის მონაკვეთთან აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები