რუბრიკები
ჯოლის დედოფალმა ბრიტანეთის საპატიო ტიტული გადასცა
მსახიობმა წმინდა მაიკლისა და წმინდა ჯორჯის სახელობის ორდენი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კამპანიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მიიღო. 39 წლის ანჯელინას საპატიო ტიტული ბუკინგემის სასახლეში პირადად დედოფალმა გადასცა. მანვე უშუალოდ უმასპინძლა ოსკაროსანი მსახიობის ოჯახს და პირადად გაიცნო ბრედიცა და ბავშვებიც. სამწუხაროდ, მათი შეხვედრის ოფიციალური ფოტოები ჯერ არ გავრცელებულა. “მისის სმითს” რალფისა და რუსოს დიზაინით შექმნილი ელეგანტური სამოსი ეცვა და ძალიან ნაზად, კლასიკურად და სადად გამოიყურებოდა. რაც შეეხება აქსესუარებსა და სხვა დეტალებს, ისინი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ეკუთვნოდა და დიზაინერების მიერ სპეციალურად ამ შეხვედრისათვის იყო შექმნილი. როგორც ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლები აცხადებენ, “მის ჯოლისა და დედოფალს პირადი საუბარი ჰქონდათ”, ყოველგვარი შუამავლებისა და ზედმეტი გაშუქების გარეშე. მათივე თქმით, დედოფალმა ანჯელინას თავად გააცნო გადაცემული ტიტულის უაღრესად დიდი მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ საუბარია იმ საპატიო ტიტულზე, რომელიც ე.წ. კავალერისტ ქალბატონებს ეძლევათ და რომელიც რაინდის წოდების ტოლფასია. გამომდინარე იქიდან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ანჯელინა “რაინდად” არ მოიხსენიება, თუმცა მას სრული უფლება აქვს, საკუთარ სახელთან სპეციალური ინიციალებით აღნიშნოს წოდება, რომელიც მეომარ ქვეყნებში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის უდაოდ დაიმსახურა. ანჯელინა ჯოლი აქტიურ ჰუმანიტარულ საქმიანობას ექვსშვილიანი ოჯახისა და ჰოლივუდური კარიერის პარალელურად ახერხებს. ბევრი კომპეტენტური ადამიანი აღნიშნავს, რომ დიდი შანსია, მისმა საქველმოქმედო ცხოვრებამ და საყოველთაო მნიშვნელობის კამპანიებში ჩართულობამ ანჯელინას სამსახიობო კარიერა გადაწონოს და მისი ბიოგრაფიაც სულ სხვა გზით წარმართოს. საპატიო ტიტულის მიღების შემდეგ, ჯოლიმ სპეციალური განცხადება გააკეთა: "უცხო ქვეყანაში ასეთი ტიტულის დამსახურება ჩემთვის საოცრად დიდი მნიშვნელობის მატარებელია! სწორედ ესაა ის, რასაც მთელ ჩემს საქმიანობას დავუთმობდი. თვითონ ისიც პატივია, ჩართული ვიყო სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში. კარგად ვიცი, რომ დიადი მიზნების მიღწევას მთელი ცხოვრება სჭირდება, მე კი მზად ვარ, ამას საკუთარი თავი მთლიანად მივუძღვნა." შეგახსენებთ, რომ ანჯელინას, უილიამ ჰეგუისთან ერთად, დაფუძნებული აქვს ე.წ. “სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის ინიციატივა” და ამავე მიმართულებით მუშაობს გაეროს შესაბამის სტრუქტურებში. გარდა ამისა, ითავსებს კეთილი ნების ელჩის სტატუსს და დაკავებულია მუდმივი ქველმოქმედებით.
Print