Error
რუბრიკები
მალხაზ არქანიას დაკითხვა ხვალ განახლდება (video)
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი პატიმარები მალხაზ და ლაშა არქანიები. მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს, ენგურის ცენტრალურ ხიდზე ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მას ოკუპირებული რეგიონიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადმოტანისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლაშა არქანია კი 2011 წლის თებერვალში იარაღისა და ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავეს და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამნისტიის შედეგად მალხაზ და ლაშა არქანიებმა 2013 წლის 16 იანვარს დატოვეს საპატიმროები. არქანიების ადვოკატი ლექსო არქანია ყოფილი პატიმრების დაკითხვის შემდგომ რადიო „ათინათს“ ესაუბრა. მისი განცხადებით, გამოძიების მხრიდან ამ ფაქტს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს და შესაბამისად ის მსხვერპლად არ სცნეს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალი ედებათ პოლიციის მაღალჩინოსნებს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს. კონკრეტულად, ქალაქ თბილისის #8  დაწესებულების და ზუგდიდის #4 დაწესებულების თანამშრომლებს და უშუალოდ ზუგდიდის ციხის ხელმძღვანელს, ამირან ჯანაშიას და თბილისის #8 დაწესებულების უფროსს ალიკო მუხაძეს. პატიმრების მიმართ არასათანადო დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზატორად მეგის ქარდავა სახელდება, ასევე ზუგდიდის სამმართველოს გამომძიებელი ლაშა ყოლბაია, რომელმაც მუქარით და წამებით აიძულა მალხაზ არქანიას ნარკოტიკების შეძენა შენახვისათვის ყალბ დოკუმენტზე მოეწერა ხელი. მალხაზ არქანიას დაკითხვა 2 თებერვლამდე გადაიდო, რადგანაც თავს შეუძლოდ გრძნობდა, ასევე წამების მუხლით მიმდინარეობს დაკითხვა ლაშა არქანიაზე. ადვოკატის განმარტებით მასზე განახორციელეს წამება წალენჯიხის სამმართველოს მაღალჩინოსნებმა და დაბა ჯვარის თანამშრომლებმა. ლექსო არქანია აღნიშნავს, რომ მალხაზ არქანიას და ლაშა არქანიას სჭირდებათ ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრში მკუნალობა, რადგანაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
Print