Error
რუბრიკები
ნარკო-დისპანსერის ცნობით ფსიქოტროპულ პრეპარატთა მომხმარებლების რიცხვმა იმატა
შ.პ.ს ზუგდიდის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნარკოლოგიურ დისპანსერში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. დისპანსერის დირექტორმა ელდარ შეროზიამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხდა, რომ 2007 წელს ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა შემოწმება პოლიციის კომპეტენციაში გადავიდა. „მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვართ ნარკოლოგიური განყოფილება მათგან  ამ ინფორმაციის მიღება ვერ მოვახერხეთ, თუმცა არაერთხელ ვთხოვეთ მოეცათ ბაზაში წვდომის საშუალება“,-განაცხდა ელდარ შეროზიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ 6 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ფსიქიკური ჯანმრთელობიც ცენტრის განყოფილების გამგემ განაცხადა, რომ შს სამინისტროსთან შეთანხმება მიღწეულია და სიებს რეგიონული მაჩვენებლებით ფსიქო-დისპანსერს უმოკლეს ვადებში მიაწვდიან. ელდარ შეროზიამ ასევე აღნიშნა, რომ  შესამჩნევად მოიმატა ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებლეთა რიცხვმა. ამ ნივთიერებების მოხმარება ეიფორიას და მოზღვავებულ ენერგიას იწვევს. მათ ინტენსიურ მოხმარებას კი კიდურების დამბლა მოყვება. მისივე განცხადებით ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა მომართვიანობა ფსიქო-ნარკოლოგიურ დისპანსერში გახშირდა. ასევე ინტენსიურია კუსტარულად დამზადებული დეზომორფინის „ნიანგის“ მოხმარება, რომელიც ასევ იწვევს დამბლას და მეტყველების გაუარესებას. ფსიქო-ნარკოლოგიურ დისპანსერში უკვე სამი წელია „მეტადონით ჩანაცვლების“ პროგრამა მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამით 230-მა პაციენტმა ისარგებლა, 72 მათგანი კი პროგრამაში დღემდე ჩართულია. პროგრამიდან გასულ 158 -ადამიანთაგან 7 აივ ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. მეტადონის პროგრამით პაციენტები ფსიქო-დისპანსერში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით არიან ჩართულნი. მათ შორის 4 აფხაზეთის მაცხოვრებელია. ადრე აფხაზეთიდან 14 ადამიანი იყო პროგრამაში ჩართული, მაგრამ მათ მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კურსის ბოლომდე ჩატარება ვერ მოახერხეს. ელდარ შეროზიას განცხადებით მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ხელმძღვანლებს ყოველთვიური თათბირი უტარდებათ. “პროგრამაზე მუშაობა გრძელდება და პარალელურად იგეგმება ნარკოდამოკიდებულთათვის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეტის ტბაზე“,-აღნიშნა შეროზიამ.
Print