კურორტ მენჯის განვითარების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)
11:53 / 27.05.2015
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ჩინურ კომპანია „ტურიზმის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად ჩინური კომპანია ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის განავითარებაზე მზაობას გამოთქვამს, რისთვისაც 250 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ჩინური კომპანიის დირექტორმა იუან სინ ჯონმა მემორანდუმის გაფორმებამდე სენაკელებს გამგეობის სააქტო დარბაზში კურორტ მენჯის განვითარების პროექტი წარუდგინა. კურორტის აღდგენით სამუშაოებზე 1000-მდე მოქალაქე დასაქმდება, აქედან-80% ადგილობრივი.
„პროექტის განხორციელებას დავიწყებთ მაშინვე, როგორც კი ყველა ხელშეკრულება გაფორმდება. მშენებლობის დასაწყისისთვის 300 ადამიანს დავასაქმებთ, შემდეგ კი ეს ციფრი 1000-მდე გაიზრდება. ამ პროექტის მთავარი დანიშნულება ტურიზმის განვითარებაა, გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების შექმნა“, -განაცხადა იუან სინ ჯონმა.
სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ პროექტს სენაკისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში და შემდეგ ეტაპზე სენაკელები სარგებელს მიიღებენ.
კურორტ მენჯის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.
მასალის გამოყენების პირობები