ზუგდიდის თეატრის ახალი მმართველი - თეატრში ბევრი სამუშაოა (ვიდეო)
14:07 / 27.05.2015
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მმართველად ზურაბ ეგუტია დაინიშნა. მას თეატრში დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. ის დასის წევრებსა და თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.
„თეატრში ბევრი სამუშაო და პირველ რიგში ბევრ რამეში უნდა გავერკვე, მათ შორის ფინანსებში. თეატრს ძალიან კარგი დასი ჰყავს და ქვეყნის მასშტაბით აუცილებლად უნდა იყოს გასტროლები, პირველ რიგში ეს უნდა მოვახერხოთ“, - თქვა ზურაბ ეგუტიამ.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის თქმით, ზურაბ ეგუტიას კანდიდატურა დასთან შეთანხმებით შეირჩა. მისივე თქმით, ის ეგუტიას სამუშაო გამოცდილებას პირადად გაეცნო და იმედი აქვს , რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მმართველი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დირექტორი იყოს კარგი მენეჯერი. მას უნდა ჰქონდეს ფინანსური საქმის წარმოებისა და იურიდიულ საკითხებთან მუშაობის გამოცდილება და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა ზურაბ ეგუტია“, - თქვა ბადრი წერედიანმა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ახალი მმართველი ზურაბ ეგუტია ალექსანდრე - საშა ეგუტიას შვილია, რომელიც ამავე თეატრს 1956-86 წლებში ხელმძღვანელობდა.
ზუგდიდის თეატრის მმართველის თანამდებობა თვეზე მეტია ვაკანტურია. ყოფილმა მმართველმა მაია კალანდიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 3 აპრილს დაწერა, რომელიც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 21 აპრილს დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები