რუბრიკები
ზუგდიდში პრემიერ-მინისტრმა ამერიკის ელჩს დადიანების სასახლის სურათი აჩუქა (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკისა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის პროგრამა ამოქმედდება. 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და მთავრობის მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზუგდიდის დადიანების კომპლექსში შემავალ ნიკოსეულ სასახლეს და სენაკში,  აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. კულტურის სამინისტროს ცნობით, უკვე მომზადებულია დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის საპროექტო დოკუმენტაცია და ასევე მზად არის სასახლის მთავარი ნაგებობის - ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და "იკომოს საქართველოს" მიერ განხორციელდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ  წლის ბოლომდე ასევე მომზადდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც 22 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტისგან შედგება და ნოქალაქევის სრულ კვლევა-კონსერვაციას, ახალი მუზეუმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ჩაეყრება საფუძვლად. ზაფხულში დაიწყება ნიკო ნიკოლაძის კოშკის სრული რეაბილიტაცია ფოთში. პროექტების პრეზენტაციის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს სიბოლურად დადიანების სასახლის ფოტო აჩუქა და მხარდაჭერისთვის მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა.
Print