რუბრიკები
მამა იაკობი: საცხენოსნო კლუბი „ხარება“ ქალაქის საკუთრება უნდა გახდეს (ვიდეო)
ზუგდიდში საცხენოსნო კლუბის „ხარება“ დაარსების იდეა მამა იაკობ ეხვაიას ეკუთვნის. მან საცხენოსნო კლუბი ჭითაწყარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „ხარების“ ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოაწყო. სასულიერო ცხოვრების პარალელურად ის ცხენებს უვლის და კლუბის განვითარებაზე ზრუნავს. „ხარებას“ ორი მთავარი მიზანი აქვს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მკურნალობა - სამედიცინო რეაბილიტაცია და კლუბში სპორტული ცხენოსნობით დაინტერესებული ბავშვებისა და მოყვარულთა მიღება. კლუბმა უკვე მიიღო რამდენიმე მოსწავლე. „ლიმონა“, „ელვა“, „ხარება“, „ჩემპიონი - ფოთი“, „პარადისი“, „მაშო“ და „ჭრელა- პეგი“ - კლუბის პირველი ბინადრები არიან. „ლიმონა“ 3 წლისაა და სუფთა სისხლის ანგლო-არაბული ჯიშისაა. „ელვა“ და „ხარება“ წმინდა სისხლის ინგლისური მორბენალები არიან. „ჭრელა- პეგი“- ამერიკულ კანადურ ჯიშისაა, ხოლო „მაშო“- ნახევრად ჩვენებურია - მეგრულისა და ინგლისურის ნაჯვარი. „ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ინსტრუქტორი გვყავს. ცხენებს ფაქტობრივად მე და ჩემი შვილები ვუვლით... სავარჯიშო მოედნის - მანეჟის მოწყობის ეტაპზე ვართ. თითო - თითო მანქანა სილა მოგვაქვს ხოლმე, როგორც კი რაღაც მცირე თანხას მოვუყრით თავს. გვაქვს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სადაც უფრო დიდი მანეჟის მოწყობა შეიძლება, რომელიც შეჯიბრებებისთვისაც გამოდგება, მაგრამ ამის სახსრები არ გვაქვს. აქ ჯერ მხოლოდ მარადმწვანე ხეები დავრგეთ “, - ამბობს მამა იაკობი. მამა იაკობი საცხენოსნო კლუბის გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ ამას მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ გაწვდება, რადგან ცხენების მოვლა უამრავ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამჟამად მხოლოდ მათ გამოკვებასღა ახერხებს. მამა იაკობს მეგობრებისა და კლუბის გულშემატკივრების იმედი აქვს. ის ამბობს, რომ საცხენოსნო კლუბი ქალაქის საკუთრება უნდა გახდეს. ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი ,,ხარება” (ფოტორეპორტაჟი)
Print