გაიზარდა თუ არა საარსებო მინიმუმი წინა წლებთან შედარებით (ვიდეო)
13:52 / 19.08.2015
საქსტატმა საარსებო მინიმუმის ივლისის თვის კალკულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის ივლისში საარსებო მინიმუმის მოცულობა შემცირდა და მან 248 ლარი ანუ დაახლოებით $107 შეადგინა.
რადიო “ათინათმა” ქალაქ ზუგდიდის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა.
"რამდენად გაუძვირდა მოსახლეობას წინა წლებთან შედარებით სამომხმარებლო კალათა".
გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ მდგომარეობა ლარის კურსის ვარდნასთან ერთად უარესდება, ბაზარში ფასები იმატებს, ხელფასები და შემოსავალი ბაზარში არსებულ ფასებს ვერ წვდება. „შარშან ამ დროს მომხმარებელი კილობით ყიდულობდა ბოსტნეულს , დღეს ერთი თავი ხახვის ყიდვა უჭირს, დოლარის გაძვირებასთან ერთად ძვირდება ფასები და ამასთანავე წლევანდელი მოსავალიც თითქმის გაფუჭდა“.
მყიდველების თქმით ფასების ცვალებადობა შეინიშნება თითქმის ყველა საქონელსა და პროდუქტზე. მათივე განმარტებიტ მდგომარეობას დენის გადასახადის გაზრდა, დოლარის სავარაუდო მომატება და პურის ფასის სავარაუდო გაძვირება ამძაფრებს.
საქსტატის მიერ ივლისში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ზომის ოჯახებისთვის კი ასე გამოიყურება:
1. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 155 ლარი 2. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 137 ლარი 3. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 220 ლარი 4. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 248 ლარი 5. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 275 ლარი 6. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 310 ლარი 7. ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 366 ლარი.
გასული თვეების მანძილზე საარსებო მინიმუმი სამსულიანი ოჯახისთვის დაახლოებით 257 ლარი იყო, ივლისში კი მისი შემცირება სურსათის ფასის სეზონურ ცვალებადობას უკავშირდება. რადიო „ათინათის“ მიერ გამოკითხულთა მცირე ნაწილი ფასების ცვალებადობასა და ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას არ განიცდის, მათი თქმით ეს წელი არაფრით განსხვავდებოდა სხვა წლებისგან.
მასალის გამოყენების პირობები