რუბრიკები
მოშიმშილე მოხუცის საკითხზე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მოშიმშილე 78 წლის მწოლიარე ციალა ჯოჯუას უსაფრთხო და მყუდრო გარემოში გადაყვანის საკითხზე გამგეობაში იმსჯელეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები და მოშიმშილე მოხუცის ქალიშვილი ლალი ცირდავა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გოგი თოდუას ოჯახის წევრებიც, რომლებსაც ასევე ბინების განაწილებასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები. ლალი ცირდავამ გამგეობის თანამშრომელი ზურაბ ალანია, რომელიც კომუნალურ სამსახურში მუშაობდა, ბინების განაწილების თაობაზე დოკუმენტაციის გაყალბებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ალანია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თოდუებმა და ჯოჯუებმა კუთვნილი ბინები მიიღეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლალი ცირდავას მოხუცი დედის სახლში წაყვანას სთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ დედამისი სახლში კუთვნილი ბინის მიღებამდე არ წავა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ჯოჯუებისა და თოდუების ოჯახს დახმარებას დაპირდა და აღნიშნა, რომ საკითხს ბოლომდე მიადევნებს თვალყურს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ბაგრატ ქირიამ კი განაცხადა, რომ მათთვის მთავარი მოხუცი ქალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. შეგახსენებთ, რომ მწოლიარე ციალა ჯოჯუა გამგეობის შენობის წინ 13 დღეა, შიმშილობს. ამავე თემაზე: გამგეობის წინ მწოლიარე მოშიმშილე დახმარებას ითხოვს ზუგდიდის გამგეობის წინ მოშიმშილე მოხუცის პრობლემას ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის ზუგდიდის გამგეობის წინ მწოლიარე მოხუცი შიმშილობას აგრძელებს
Print