Error
რუბრიკები
ზუგდიდში მძღოლები გაიფიცნენ (video)
ზუგდიდში, 18-მდე სამარშრუტო ტაქსის და 5 ავტუბუსის მძღოლი გაიფიცა. როგორც მძღოლები ყვებიან, მათი გაფიცვის მიზეზი ახალი ავტოსადგურის აშენებაა. ტერიტორია, სადაც ახალი ავტოსადგური უნდა აშენებულიყო მოქმედი სადგურიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული, რაც მძღოლების თქმით, მუშაობაში ხელს შეუშლით და მათი უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩება. მიწის მესაკუთრე მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ მან, მიწის ნაკვეთი არენდით, ფიზიკურ პირს, ზაზა ლომიძეს გადასცა. ხოლო ინფორმაციას, თუ რა ტიპის მშენებლობა განხორციელდება აღნიშნულ ფართზე არ ფლობს. მძღოლების თქმით, ავტოსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მათ ინჟინრისგან მიიღეს. გაუქმებული რეისებით შეწუხებული მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით წინასწარ უნდა გაჟღერებულიყო, რათა მათი უფლებები არ დარღვეულიყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის განვითარების უფროსმა თენგო ქობალიამ გაფიცულებს განუმარტა, რომ გამგეობაში არ შემოსულა განაცხადი მათ მიერ ხსენებულ ტერიტორიაზე ავტოსადგურის მშენებლობის შესახებ. ქობალიას თქმით, განცხადება მხოლოდ სავაჭრო ობიექტის აშენების შესახებ შემოვიდა, თუმცა არქიტექტურის სამსახურს ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია. რაც შეეხება ავტოსადგურის მშენებლობას ქობალიამ მძღოლებს პირობა მისცა, რომ მათ ამ კუთხით საფრთხე არ შეექმნებოდათ. გამგეობისგან პირობის მიღების შემდეგ გაფიცულები დაიშალნენ და რამდენიმე მიკროავტობუსმა თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით რეისი განაახლეს.
Print