Error
რუბრიკები
ინგირის მოსახლეობა ასფალტ-ბეტონის ქარხნის ფუნქციონირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს (video)
ინგირში საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მარიამ საჯაიას ძმის, ნიკოლოზ საჯაიას საკუთრებაში არსებული ასფალტ-ბეტონის ქარხნის ფუნქციონირების გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას განცხადებით, გამგეობაში რამოდენიმე დღის წინ დადიანის ქუჩის მოსახლეობის წერილობითი განცხადება შევიდა, სადაც საუბარი იყო , რომ აღნიშნული ქარხნის გამონაბოლქვი ადგილობრივების  ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. „მოსახლეობამ გვთხოვა, რომ გვეშუამდგომლა და შემდგარიყო შეხვედრა მოსახლეობასა და ქარხნის წარმომადგენლობას შორის, ვერ გეტყვით, რომ ამ შეხვედრით თემა ამოწურულია, მაგრამ  კარგია, რომ ცივილური გზით ხდება მოგვარება, იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე მიღწეული იქნება კონსესუსი, რომლითაც არც ერთი მხარე არ დაზარალდება",-აღნიშნა გიორგი თოდუამ. ქარხანას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 25 იანვარს ფუნქციონირება აუკრძალა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობის მიზეზით და ფულადი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მოსახლეობის ინფორმაციით  ქარხანა ფუნქციონირებას ამ დრომდე განაგრძობს. შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ უფროსის მოადგილე რამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ქარხანა არ ფუნქციონირებს და  მოსახლეობას პრეტენზია გზასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც მოსააფალტებელია და მტვერი დგება. „ჩვენ მზად ვართ მოსახლეობას დავეხმაროთ და გზის პრობლემა აღმოვფხვრათ“-აცხადებს ნადარეიშვილი. მისივე ინფორმაციით გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ჯგუფი იკვლევს, არის თუ არა ქარხნის მუშაობა მავნებელი გარემოსთვის. დასკვნა კი ერთი თვის ვადაში იქნება მზად. „საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი“ დავით ფაცაცია აღნიშნავს, რომ  მოსახლეობის მოლოდინი პრობლემის გადაჭრის მიმართ ძალიან დიდია. მათ ერთ-ერთ მიზანს კი ქარხნის სხვა ადგილას გადატანაც წარმოადგენს. პრობლემის განხილვაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  ზუგდიდის ოფისიც არის ჩართული. გამჭვირვალობის წარმომადგენელი არჩილ თოდუა მიიჩნევს,რომ საკითხი ორივე მხარისთვის დადებითად უნდა გადაწყდეს, რადგან, როგორც დაცული გარემოა საჭირო ასევე საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდებოდეს, ეკონომიკური განვითარებისთვის კი მსგავსი საწარმოების არსებობა აუცილებელია.
Print