რუბრიკები
ელვის პრესლი ”გააცოცხლეს”
კომპანია Digital Domain Media Group Inc-მა ელვის პრესლის ჰოლოგრაფიული გამოსახულებების სერიის გამოშვების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უახლოეს მომავალში "ვირტუალური ელვისები" სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის ტელეშოუებში, ფილმებსა და კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ დღეებში კომპანია პირველი ღონისძიების თარიღს გამოაცხადებს, რომელშიც პრესლის პირველი ჰოლოგრაფიული ორეული გამოჩნდება. "მომღერლის თაყვანისმცემლები დიდი ხნის წინ დავიწყებულ სიამოვნებას მიიღებენ, ხოლო ახალი აუდიტორია საბოლოოდ დარწმუნდება, რა შესანიშნავ კონცერტებს მართავდა ელვისი, სპეცეფექტების მაღალმა ხარისხმა დაგვარწმუნა, რომ ჰოლოგრაფიული ორეულების საშუალებით ელვისის აუდიტორიას მსოფლიოში უფრო მეტად გავზრდით", - განაცხადა Elvis Presley Enterprises-ის გენერალურმა დირექტორმა ჯეკ სოდენმა. ელვისის პოპულარობა იზრდება: Facebook-ზე მის ოფიციალურ გვერდს 6 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ხოლო საიტ Elvis.com-ზე წელიწადში 5 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი შედის. კომპანიამ რეპერი თუფაქ შაკურის ორეული უკვე შექმნა, რომელიც ახლახან გამართულ ფესტივალ Coachella-ზე წარმატებით "გამოვიდა". ფესტივალს ათობით ათასი მაყურებელი დაესწრო. მოვლენამ პრესაში რეზონანსი და გარდაცვლილი მუსიკოსის ალბომების გაყიდვების ზრდა გამოიწვია. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანის "გაცოცხლება" იგეგმება, მათ შორის - მერლინ მონროს.
Print