"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს ქუთაისში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქუთაისისა და იმერეთის 5 მუნიციპალიტეტის - წყალტუბოს, ზესტაფონის, ხონის, სამტრედიის და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
დავით გამყრელიძის განაცხადებით მაჟორიტარების დასახელება სიმბოლურად დაიწყო ქუთაისიდან, საქართველოს მომავალი საპარლამენტო ქალაქიდან და ამით ხაზი გაესვა ქუთაისის მნიშვნელობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
დავით გამყრელიძის განცხადებით საქართველოს რაიონების უმეტესობაში "ახალი მემარჯვენეები" ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს წარადგენენ.
ქუთაისში "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით გამყრელიძემ მამუკა მღვდელაძე წარადგინა.
ზესტაფონში მემარჯვენეებს კახა შავგულიძე წარმოადგენს, რომელიც ზესტაფონის საკრებულოში მემარჯვენეების ფრაქციის თავმჯდომარეა. კახა შავგულიძეს ზესტაფონი იცნობს, როგორც კვალიფიციურ იურისტს, რომელსაც თავისი საადვოკატო საქმიანობის მანძილზე მცირე ბიზნესში სახელმწიფოს მიერ შევიწროებული მრავალი ზესტაფონელის ინტერესების დამცველია.
ხონსა და თერჯოლაში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატები ილია ყუფარაძე და ამირან სოფრომაძე იქნებიან, რომლებიც პარტიაში არიან დაფუძნების დღიდან და წლების მანძილზე უდგანან სათავეში ამ რაიონების პარტიულ ორგანიზაციას. ორივე მათგანი რამდენიმეჯერ იყო არჩეული რაიონის საკრებულოს წევრად, კარგად იცნობენ მოსახლეობის პრობლემებს და შეუძლიათ მათ მოგვარებაზე ზრუნვა.
რაც შეეხება სამტრედიას, აქ მემარჯვენეებს ლევან ბუაძე წარმოადგენს, რომელიც არა მარტო სამტრედიაში, არამედ იმერეთის რეგიონში ცნობილია როგორც საუკეთესო პედაგოგი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც ახალგაზრდობის არაერთი თაობა აღუზრდია.
და ბოლოს, წყალტუბოში, იმერეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და დიდ საარჩევნო ოლქში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი იქნება გიორგი ასათიანი, რომელიც პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მის სახელს უკავშირდება "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის ჩამოყალიბება, იყო ქუთაისის საკრებულოში მემარჯვენეების ფრაქციის თავმჯდომარე, პარტიის საორგანიზაციო მდივანი. ამჟამად პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელია.
მასალის გამოყენების პირობები