პოლიტიკა
ყოფილი პრემიერი საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრიტიკებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროსაბჭოს  და ეუთოს  უამრავი "უმეცარი" განცხადება აქვთ გაკეთებული და საქართველოს ხელისუფლება არაა ვალდებული, ისინი ყურად იღოს.

"მახსოვს, "სახალხო პარტია" ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე "ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი".  რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან "ისინი", იმაზე უნდა ვიცეკვოთ? ასე არ იქნება და ვერც იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე  თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქმე ეხება კერძო სუბიექტებს შორის დავას.

"რა თქმა უნდა აჟიოტაჟი არის დიდი, მაგრამ ისევ შევახსენებ მოსახლეობას რეალურ ვითარებას - დვალი და ხალვაში იბრძვიან წართმეული ქონების დასაბრუნებლად. ისინი არიან ერთ მხარეს, მეორე მხარეს წარმოადგენს გამოკვეთილად გვარამია და მთელი "ნაციონალური მოძრაობა" მეპატრონე ყარამანიშვილებთან ერთად, რომელიც ბოლოს მოქოქეს, მაგრამ ვერ მოქოქეს. ანუ მიმდინარეობს სამართლებრივი დავა", - აღნიშნა  ყოფილმა პრემიერმა.

Print